Saturday, April 22, 2017

2 პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება მარნეულში


21 აპრილს სიქას ორგანიზებით მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში პროგრამის "მომავლის თაობა" ფარგლებში განხორციელებული ორი პროექტის: "დავიცვათ ჩვენი დედა-ბუნება" და "ვიზრუნოთ ჩვენს ჯანმრთელობაზე" შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.
პროექტები პროგრამის ფარგლებში გამართულ მოსწავლეთა ახალგაზრდულ ფორუმზე მონაწილე სამოქალაქო კლუბების წევრების მიერ შეიქმნა.
"დავიცვათ ჩვენი დედა-ბუნება" გარემოსდაცვითი პროექტია, რომელიც კაჩაგანის #1, კაჩაგანის #2 და კირაჩმუღანლოს საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბის წევრების მიერ განხორციელდა, პროექტის:"ვიზრუნოთ ჩვენს ჯანმრთელობაზე" მიზანი კი ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია იყო. პროექტში ქვემო სარალის, ზემო სარალის, დამიაგეორარხისა და ჯავშანიანის სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრების მონაწილეობდნენ. 
შეხვედრაზე ორივე პროექტში ჩართულმა შვიდივე სკოლამ წარმოადგინა პრეზენტაციები პროექტის ფარგლებში მათ სკოლაში განხორციელებული აქტივობების შესახებ. თითოეულ მონაწილე სამოქალაქო კლუბს გადაეცა პროექტში მონაწილეობის სერთიფიკატები, გამოვლიდნენ და დაჯილდოვდნენ აქტიური მოსწავლეები და მასწავლებლები, რომლებმაც პროექტების განხორციელებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს. ფეხბურთის ტურნირის გამარჯვებულ ქვემო სარალის სკოლის ვაჟთა გუნდსა და ფრენბურთის ტურნირში გამარჯვებულ ზემო სარალის სკოლის გოგონათა გუნდს გადაეცა ტურნირის თასები.

Friday, April 21, 2017

მოსწავლეთა ვიდეოადვოკატირებისა და პედაგოგთა ბლოგების კონკურსების გამარჯვებულთა დაჯილდოება


20 აპრილს, სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში, გაიმართა PH International-ის მიერ ორგანიზებული პედაგოგთა ბლოგების კონკურსის „სამოქალაქო განათლების გზავნილები“ და მოსწავლეთა ვიდეოადვოკატირების კონკურსის გამარჯვებულთა საზეიმო დაჯილდოება. 

კონკურსში გამარჯვებულმა პედაგოგებმა, მოსწავლეებმა და სამოქალაქო კლუბების წევრებმა წარმოადგინეს მათ მიერ მომზადებული ვიდეოები და ბლოგზე განთავსებული პოსტები. 

ქვემო ქართლის რეგიონიდან გამარჯვებული გახდა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაზარლოს საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ალმაზ მამედოვი, რომელმაც ვიდეოადვოკატირების კონკურსში მონაწილეობა მიიღო  საგზაო უსაფრთხოების თემაზე მომზადებული ვიდეოთი . მას გადაეცა სიგელი და პლანშეტური კომპიუტერი. კონკურსის გამარჯვებულთა შესახებ სრული ინფორმაცია იხილეთ აქ.

Wednesday, April 19, 2017

დასუფთავების აქცია ბოგვში

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ბოგვის საჯარო სკოლამ, ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან ერთად სოფელში დასუფთავების აქცია მოაწყო. 
სკოლის მოსწავლეებმა, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, შეარჩიეს სოფელში ყველაზე დაბინძურებული ადგილი და დაგეგმეს დასუფთავების აქცია. გამგებელმა მოსწავლეებს მუშა ხელი გამოუყო, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს დასუფთავების პროცესში.   
ახალგაზრდული ფორუმის პროექტის "სუფთა გარემო ჯანმრთელობის საწინდარია " ფარგლებში სოფლის ყველაზე ხალხმრავალ ადგილას განთავსდება ბანერი, რომელიც მოუწოდებს მოსახლეობას, არ დაანაგვიანონ გარემო. 

Tuesday, April 18, 2017

ახალი სამგორის საჯარო სკოლაში დედაენის დღე აღნიშნეს

სსიპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი სამგორის საჯარო სკოლის IX-X კლასებში (25 მოსწავლე) 2017 წლის 13 აპრილს საკლასო პროექტის ფარგლებში ჩატარდა დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. კერძოდ მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია 1978 წლის 14 აპრილის შესახებ, ისაუბრეს მის მნიშვნელობაზე ქართველი ხალხის წინაშე, თუ რა განსაცდელი გამოიარა ქართულმა ენამ დასაბამიდან დღემდის და დღესაც რომ დაცვა და მოფრთხილება სჭირდება, ისე როგორც არასდროს. შემდეგ შექმნეს და გამოაკრეს სკოლის დერეფანში დედაენის დღისადმი მიძღვნილი სლოგანები.

ავრანლოს საჯარო სკოლის მცირე გრანტის პროექტი "წყალი ჯანსაღი ცხოვრების საწინდარია"

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ავრანლოს საჯრო სკოლა ახორციელებს მცირე გრანტების პროექტსწყალი ჯანსაღი ცხოვრების საწინდარია“. პროექტის ფარგლებში სკოლაში შეიყვანეს სასმელი წყალი, რითაც საშუალება მიეცათ, დაიცვან ჰიგიენის წესები და ხელი შეუწყონ ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას.

პროექტის ფარგლებში სკოლის ბიოლოგიის პედაგოგმა ჩაატარა ტრენინგიც, რომლის მიზანია, მოსწავლეებმა გააცნობიერონ ჰიგიენის როლი და მნიშვნელობა. ტრენინგს დაესწრნენ სკოლის უფროსკლასელები, რომლებიც შემდეგ თანასწორ განმანათლებელთა პრინციპით ჩაატარებენ მსგავს შეხვედრებს სკოლის უმცროსკლასელებთან

არწივანის საჯარო სკოლაში მცირე გრანტის პროექტის "ჯინისი" ფარგლებში პრეზენტაცია მოეწყო

7 აპრილს წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ არწივანის საჯარო სკოლაში, პროგრამის "მომავლის თაობა" მცირე საგრანტო პროექტის "ჯინისი" ფარგლებში პრეზენტაცია მოეწყო. პროექტის მიზანია ნაადრევი ქორწინების პრევენცია.
პრეზენტაციას დაესწრნენ სკოლის უფროსკლასელები, თემის წევრები  და მოწვეული სტუმრები: სოციალური მომსახურების სააგენტოს წალკის რაიონული განყოფილების სოციალური მუშაკები: -ბი მარიკა კვიციანი და თამარ ვეზდენი, წალკის რაიონული სამმართველოს გამომძიებელი -ნი ნინო მაისურაძე, წალკის რაიონული საავადმყოფოს მთავარი ექიმი -ნი პაატა ღორჯომელაძე, ამავე საავადმყოფოს პედიატრი -ნი მზია შათირიშვილი,  მეან-გინეკოლოგი -ნი ტაისა კაპანაძე, წალკის  #1 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი -ნი ციალა ხვინთელანი აქტიურ უფროსკლასელებთნ ერთად.
მოსწავლეებმა სტუმრებს წარუდგინეს სათემო კვლევის პრეზენტაცია, თუ რა  მდგომარეობაა თემში ნაადრევ ქორწინებასთან დაკავშირებით, ასევე, აჩვენეს ვიდეო სიუჟეტები, რომლებიც კვლევის დროს გადაიღეს.
პრეზენტაციის შემდეგ მოწვეულმა სტუმრებმა დეტალურად ისაუბრეს საკითხის აქტუალურობასა და მნიშვნელობაზე და დამსწრეებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში მიაწოდეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია ნაადრევ ქორწინებაზე. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, სადაც მოსწავლეებმა შეკითხვები დაუსვეს სპეციალისტებს. სტუმრებმა მზაობა გამოთქვეს და შეთავაზეს სკოლას, კვლავ ჩატარდეს მსგავსი შეხვედრები და უფრო დეტალურად ან სხვა მოსწავლეებთანაც გაგრძელდეს დიალოგი მოსწავლეებისა და თემისთვის აქტუალურ საკითხებზე

დასუფთავების აქცია "ვიცხოვროთ სუფთა გარემოში"

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო სარალის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ინიციატივით, პროექტის "ვიზრუნოთ ჩვენს ჯანმრთელობაზე" ფარგლებში, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა დასუფთავების აქცია. კლუბის წევრებმა თანასკოლელებს პოსტერებით მოუწოდეს სუფთა გარემოში ყოფნისკენ და განაცხადეს, რომ ჰიგიენა ჯანმრთელობისათვის აუცილებელი პირობაა. მათ სპეციალური ნორმების დაცვით დაასუფთავეს სკოლის ეზო და მიმდებარე ტერიტორია.